აღიარების, დაფასებისა და მხარდაჭერის როლი სწავლა-სწავლების პროცესში
შარშან, როცა მან ჩემი გაკვეთილი შეაფასა, აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი. მიკვირდა, როგორ ამოიცნო ყველა ის ნიუანსი, რაც წლების მანძილზე ნაბიჯ-ნაბიჯ შევაგროვე და ახლა, გამოცდილების სახით მოსწავლეებთან ვიყენებდი.
ჩემს შემფასებელს აღტაცებით უბრწყინავდა თვალები, მან მხოლოდ გაკვეთილი კი არ დაინახა, არამედ წლების, შემოქმედების, შრომისა და თავდადების შედეგიც.
ამ მომენტმა წარუშლელი კვალი დატოვა ჩემზე, მას შემდეგ მომყვება ის ემოცია და ხშირად მაფიქრებს, კონსტრუქციული უკუკავშირის, მასწავლებლის შრომის აღიარებისა და დაფასების მნიშვნელობაზე.
არაერთი მკვლევარი შეისწავლის კონსტრუქციული უკუკავშირის გავლენას მასწავლებლის ეფექტურობასა და მოსწავლეთა შედეგებზე. ჰეტისა და ტიმპერლის (2007) მიერ ჩატარებულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან კვლევის შედეგებში ხაზგასმითაა აღინიშნული კონკრეტული, დროული და დასახულ ამოცანაზე ორიენტირებული უკუკავშირის მნიშვნელობა. ნაშრომში წარმოჩენილია, თუ როგორ შეუძლია მიზანმიმართულ უკუკავშირს მნიშვნელოვნად გაზარდოს მასწავლებლის მუშაობის ხარისხი და მოსწავლეთა მიღწევები.
გარდა ამისა, კლუგერისა და დენისის (1996) კვლევამ გამოკვეთა უკუკავშირის მოტივაციური ასპექტებიც. მკვლევარები ხაზს უსვამენ პოზიტიური და კონსტრუქციული უკუკავშირის გადამწყვეტ როლს მასწავლებელთა შორის შინაგანი მოტივაციისა და თვითეფექტურობის ხელშეწყობაშიც.
ზოგადად, ცნობილია რომ კონსტრუქციული უკუკავშირი ემსახურება პედაგოგებს შორის პროფესიულ ზრდასა და განვითარებას. კონკრეტული და ქმედითი უკუკავშირის მიწოდებით, ადმინისტრატორები და კოლეგები მასწავლებლებს უბიძგებენ, დახვეწონ თავიანთი სასწავლო პრაქტიკა, მოარგონ ინტერვენციები მოსწავლეთა საჭიროებებს და განავითარონ სკოლებში ისეთი კულტურა, რომელიც მიდმივ წინსვლასა და განახლებაზე იქნება ორიენტირებული.
აღსანიშნავია ისიც, რომ როდესაც მასწავლებელი იღებს კონსტრუქციულ უკუკავშირს კოლეგებისგან, იგი კიდევ ერთხელ გაიაზრებს გაკვეთილის დროს გამოყენებულ ეფექტურ სასწავლო სტრატეგიებს. ამ უკუკავშირით შეიარაღებულ მასწავლებელს შეუძლია დაფიქრდეს საკუთარ პრაქტიკაზე, დახვეწოს სწავლების ტექნიკა და გამოიყენოს უახლესი სტრატეგიები მოსწავლეთა ჩართულობისა და სწავლის შედეგების გასაუმჯობესებლად.
კონსტრუქციული უკუკავშირის გარდა, აქვე მინდა შევეხო
მასწავლებელთა დაფასებისა და აღიარების მნიშვნელობასაც.
ერეზისა და გატის (2004) მიერ ჩატარებულმა კვლევამ ხაზგასმით გამოავლინა აღიარების მოტივაციური სარგებელი და აჩვენა, თუ როგორ აძლიერებს მასწავლებელთა წვლილის აღიარება შრომით კმაყოფილებას და პროფესიისადმი ერთგულებას.
დამეთანხმებით, რომ უდავოდ სასიამოვნოა, როდესაც სკოლა აწყობს პერსონალისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, სადაც აღნიშნავენ მასწავლებლების თავდადებასა და მიღწევებს, ისეთი ჟესტებით, როგორიცაა ჯილდოები, საჯარო აღიარება, მოსწავლეების და მშობლების მადლიერების გამოხატვა... ასეთ დროს მასწავლებლები გრძნობენ თავს დაფასებულად და უფრო მეტი ენთუზიაზმით აღსავსენი განაგრძობენ მოსწავლეთა ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებას.
ჩემი გამოცდილებითა და დაკვირვებით, შემიძლია ვთქვა, რომ როდესაც სკოლის ადმინისტრატორები ქმნიან ხელშემწყობ სამუშაო გარემოს, სადაც მასწავლებლები გრძნობენ პატივისცემას, უფლებამოსილებასა და დაფასებას, ასევე მშობლები აღიარებენ მასწალებლების შრომის მნიშვნელობას და მხარს უჭერენ მათ, ეს ხელს უწყობს კუთვნილების, თანამშრომლობის და კოლექტიური ეფექტურობის განცდას პედაგოგებს შორის. ისინი უფრო მეტად თანამშრომლობენ ერთმანეთთან, ეცნობიან და ნერგავენ საუკეთესო საგანმანათლებლო პრაქტიკას და ეფექტურ სასწავლო სტრატეგიებს, რომლებიც თავის მხრივ ემსახურება მოსწავლეთა მრავალფეროვან საჭიროებებს. თანამშრომლობითი კულტურა, თავის მხრივ, ხელს უწყობს პროფესიულ ზრდასაც, რაც საბოლოო ჯამში მოსწავლეთა სწავლის შედეგებზე დადებითად აისახება.
უეინ და იანგსის კვლევამ (2003) ("მთავარი ლიდერობისა და მშობლებთან თანამშრომლობითი ურთიერთობების გავლენა მასწავლებელთა კეთილდღეობაზე და შრომით კმაყოფილებაზე") აჩვენა, რომ სკოლის ადმინისტრატორების მხარდამჭერი ლიდერობა და მშობლებთან თანამშრომლობა დადებით გავლენას ახდენდა მასწავლებლის კეთილდღეობაზე და სამუშაო კმაყოფილებაზე. მასწავლებლებს, რომლებიც გრძნობდნენ აღიარებას, დაფასებას და მხარდაჭერას, აღენიშნებოდათ შრომითი კმაყოფილების მაღალი და სტრესის დაბალი დონე.
გარდა ამისა, ლეიტვუდის ნაშრომმა (2008) გამოკვეთა კორელაცია მასწავლებლის აღიარებასა და ორგანიზაციის ეფექტურობას შორის, კვლევის შედეგები აჩვენებს, თუ როგორ უწყობს მადლიერების კულტურა ხელს მასწავლებლის შენარჩუნებას, სამუშაო კმაყოფილებას და საერთო სასკოლო წარმატებას.
ადმინისტრაციისა და კოლეგების მხრიდან აღიარების გარდა, მასწავლებელთა მუშაობის ხელშეწყობისათვის, აუცილებელია მშობლების როლის გაცნობიერებაც. ეპშტეინის კვლევამ (2010) ხაზი გაუსვა მშობლების ჩართულობის პოზიტიურ გავლენას მოსწავლეთა მიღწევებსა და სასკოლო წარმატებაზე. როდესაც მშობლები მასწავლებლის აქტიური პარტნიორები არიან, აძლიერებენ მასწავლებელთა ძალისხმევას, მხარს უჭერენ პოზიტიურ სასწავლო გარემოს ჩამოყალიბებას და თანამშრომლობითი სასკოლო საზოგადოების შექმნას.
აღსანიშნავია ისიც, რომ შერიდანის (2009) კვლევა ( "მშობლის ჩართულობა, მშობლისა და მასწავლებლის ურთიერთობა და წიგნიერების ადრეული უნარები დაწყებით სკოლაში") იკვლევს მშობლების ჩართულობისა და მშობლისა და მასწავლებლის ურთიერთობის გავლენას დაწყებით სკოლაში წიგნიერების უნარების განვითარებაზე. მშობლისა და მასწავლებლის პოზიტიურმა ურთიერთობამ, რომელიც ვლინდება ურთიერთპატივისცემით, კომუნიკაციით და მხარდაჭერით, შეიძლება ხელი შეუწყოს სკოლის პოზიტიურ კლიმატსაც, რაც, თავის მხრივ, მასწავლებლის სამუშაო კმაყოფილებასა და პროდუქტიულობაზეც აისახება.
და ბოლოს, სინერგია კონსტრუქციულ უკუკავშირს, მასწავლებლის დაფასებასა და მშობლების ჩართულობას შორის ქმნის ძლიერ საფუძველს წარმატებული საგანმანათლებლო საზოგადოების შესაქმნელად.
მე, როგორც ამ საზოგადოების ამაყი წევრი, გულწრფელად მადლობელი ვარ ყველა ადმინისტრატორის, კოლეგის, დამკვირვებლისა და მშობლის, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა, ჩემს პროფესიულ ზრდასა და განვითარებაში.
ნათია ჭუმბურიძე
დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი
გამოყენებული ლიტერატურა:
1. **Hattie, J., & Timperley, H. (2007)**. The power of feedback. Review of Educational Research, 77(1), 81-112.
2. **Kluger, A. N., & DeNisi, A. (1996)**. The effects of feedback interventions on performance: A historical review, a meta-analysis, and a preliminary feedback intervention theory. Psychological Bulletin, 119(2), 254-284.
3. **Erez, M., & Gati, E. (2004)**. A dynamic, multi-level model of feedback-seeking behavior: The case of feedback in organizations. Academy of Management Review, 29(1), 97-113.
4. Wayne, A. J., & Youngs, P. (2003). Teacher support and teacher quality: The roles of principals and professional community. Educational Administration Quarterly, 39(1), 77-116.
5. **Leithwood, K., Harris, A., & Hopkins, D. (2008)**. Seven strong claims about successful school leadership. School Leadership & Management, 28(1), 27-42.
6**Epstein, J. L. (2010)**. School, family, and community partnerships: Preparing educators and improving schools. Westview Press.
7. Sheridan, S. M., Knoche, L. L., Edwards, C. P., Bovaird, J. A., & Kupzyk, K. A. (2010). Parent engagement and school readiness: Effects of the Getting Ready intervention on preschool children's social–emotional competencies. Early Education and Development, 21(1), 125-156.
სტატია ვრცლად იხილეთ აქ - "გამართული კითხვის თვითშეფასების რუბრიკა - განმავითარებელი შეფასების ეფექტური ინსტრუმენტი"
სტატია იხილეთ აქ: - ცოტა რამ გამრავლების ტაბულის სწავლების შესახებ
დღეს, როცა განათლების სისტემა ახალ ეტაპზე გადადის და ფაქტობრივი ცოდნის დაგროვების ნაცვლად, ინფორმაციის გაგება-გააზრების საშუალებით სწავლა-სწავლებას ანიჭებს უპირატესობას, მაინც რჩება გარკვეული დისციპლინების სწავლების პროცესში, მოძველებული მეთოდები და გაუაზრებლად გაზეპირების საფრთხე.
განსაკუთრებით, მათემატიკის სწავლებისას წამოიჭრება ხოლმე მსგავსი პრობლემები, რაც მოსწავლეების დემოტივაციას, ფრუსტრაციას და თვითშეფასების დაცემასაც იწვევს.
გავრცელებული პრაქტიკის თანახმად, გამრავლების ტაბულის შესწავლა იწყება 2-ზე გამრავლებით და თუ მოსწავლე ფერად-ფერად ტაბულაზე დაბეჭდილ ყველა ნამრავლს სწორად დაასახელებს, ომი მოგებულია, დიახ, გავიმარჯვეთ! მაგრამ, არის აქ რამდენიმე მაგრამ… მოდით, განვიხილოთ თითოეული მათგანი:
- ტაბულის ცოდნა არ ნიშნავს, რომ მოსწავლე შეძლებს საჭიროებისამებრ გამოიყენოს ის სხვადასხვა ამოცანის შესრულებისას;
- ხშირად, ბავშვმა იცის, რომ 3 X 7 ოცდაერთია, მაგრამ ვერ ახერხებს იმის გააზრებას, რომ 7 X 3 – იც ოცდაერთია და თანამამრავლთა გადანაცვლებით, ნამრავლი არ იცვლება;
- გამრავლების ტაბულის გაზეპირების შემდეგ, მოსწავლეთა დიდ ნაწილს უჭირს ორნიშნა რიცხვების გამრავლება ორზე, სამზე ან ოთხზე. მაგალითად: 2 X 14, 3 X 15 ან 4 X 20;
- გამრავლების ტაბულა, უარყოფით ემოციებთან და გადაულახავ დაბრკოლებებთან ასოცირდება, რაც დროთა განმავლობაში საგნის მიმართ ინტერესის დაკარგვას იწვევს.
ვფიქრობ, თავდაპირველად, მოსწავლეებმა უნდა გაიაზრონ, რომ ნამრავლის წარმოდგენა შესაძლებელია ტოლი შესაკრებთა ჯამის სახით.
ამასთან, ცნობილი ფსიქოლოგის, შემეცნებითი თეორიის ავტორის, ჟან პიაჟეს მიხედვით, ყველა ბავშვი გონებრივი განვითარების მსგავს ეტაპებს მსგავსი თანმიმდევრობით გაივლის. ყოველი ეტაპი შემეცნების თვისებრივად განსხვავებული ფორმით ხასიათდება. მაშინ როცა საქართველოს განათლების სისტემაში დანერგილი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მოსწავლეს გამრავლების ტაბულის შესწავლა უწევს, ის კონკრეტული ოპერაციების ფაზაზე იმყოფება.
ეს ეტაპი მოიცავს 6-11 წლამდე პერიოდს. ამ დროს ბავშვს აქვს უნარი, აწარმოოს ლოგიკური ოპერაციები იმ ცოდნის საფუძველზე, რომელსაც უკვე ფლობს. მას შეუძლია მიმატების, გამოკლების, დალაგების, და ა. შ. ოპერაციების წარმოება. ამ ასაკში ბავშვები იწყებენ გონებაში სიტუაციების წარმოდგენას – რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუ … ამავე ასაკში ბავშვებს შეუძლიათ ნივთების შინაგანი თვისებების შესახებ წარმოდგენების შექმნა (წონა, მოცულობა და ა.შ.).
განათლების მიღების პროცესი – თავისუფლებისკენ სწრაფვა თუ ჩაგვრა?
... იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ სკოლაში მასწავლებელი-მოსწავლის, როგორც მჩაგვრელ-ჩაგრულის დამოკიდებულების ჩამოყალიბება, სასურველია:
- მასწავლებელმა აჩვენოს მოსწავლეებს, რომ ისიც მზად არიან მათგან ისწავლოს.
- ზოგჯერ, მასწავლებელიც ცდება. მან ყველაფერი არ იცის. ეს სირცხვილი არ არის.
- მოსწავლეებმა უნდა იფიქრონ და ფიქრის შედეგად მიიღონ გადაწყვეტილებები. თავად გადაჭრან პრობლემები და დაბრკოლებები.
- მასწავლებელმა უნდა მისცეს საშუალება მოსწავლეებს, თავად შეადგინონ ქცევის წესები, რომელთაც დაიცავენ.
- პედაგოგმა უნდა შესთავაზოს სხვადასხვა დავალება, შესასწავლი საკითხი, აქტივობა, მოსწავლეებმა აირჩიონ სასურველი, თავად გააკეთონ არჩევანი.
სასწავლო პროცესში მასწავლებელი ფასილიტატორი უნდა იყოს, შემეცნების პროცესში წარმმართველნი, ცოდნის აღმომჩენნი – მოსწავლეები.
აუცილებელია ვიზრუნოთ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაზეც. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ისეთი სქემებისა და დიაგრამების გამოყენება, რომელიც მოითხოვს მსგავსება-განსხვავებაზე აქცენტის გაკეთებას, სიტუაციის ანალიზს, ილუსტრირებას, ნაცნობი და უცნობი სიტყვების ურთიერთდაკავშირებას, მახასიათებლების ამოცნობას, ზუსტი და არაზუსტი მაგალითების შერჩევას. ასეთია მაგალითად „ფრეიერის სქემა,“ რომელსაც ხშირად ვიყენებ სასწავლო პროცესში.
ვფიქრობ, ჰუმანისტური პედაგოგიკის მიდგომებითაა შესაძლებელი ფრეიერის კონცეფციის განხორციელება საგანმანათლებლო სივრცეში. შემოქმედებითი, კრიტიკული და კრეატიული უნარების განვითარებით, შევძლებთ თავიდან ავირიდოთ მოსწავლის – როგორც ჩაგრულის აღზრდა და ჩავუნერგოთ მას თავისუფლებისაკენ სწრაფვა.
სტატია ვრცლად იხილეთ : განათლების მიღების პროცესი – თავისუფლებისკენ სწრაფვა თუ ჩაგვრა?
ცოტა რამ „ცნობილი ხუთეულის“ შესახებ – მასწავლებელი მოსწავლეებს წიგნზე ესაუბრება
ავტორი: ნათია ჭუმბურიძე, დაწყებითი საფეხურის წამყვანი მასწავლებელი
სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის.
ძალიან მიყვარს სათავგადასავლო ლიტერატურა. განსაკუთრებით კი, საბავშვო სათავგადასავლო ისტორიები. პეპის სახალისო თავგადასავალი დღემდე გამორჩეულ ემოციას იწვევს და ბავშვობის დღეებს მახსენებს, როცა გრძელი წინდას მსგავსად, დავეძებდი ხეებში ფუღუროებს, საოცარი საგანძურის აღმოჩენის მოლოდინით.
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა… უამრავი საინტერესო პერსონაჟის ისტორიას გავეცანი, თუმცა, წლევანდელმა თავგადასავალმა, კვლავ წარსულში დამაბრუნა და საოცარი გრძნობებით, ემოციებითა და შთაბეჭდილებებით დახუნძლულმა, გადავწყვიტე, თქვენთვისაც გამეცნო ცნობილი ხუთეული: ჯულიენი, დიკი, საყვარელი გოგონა ენი, ჯორჯი (მისი ნამდვილი სახელი ჯორჯინაა, თუმცა ვერ იტანს, როცა ასე მიმართავენ და მეც ჯორჯს ვეძახი), და გაბურძგნული, ჭკვიანი ძაღლი – ტიმი.
ცნობილი ხუთეულის პირველი ისტორია კირინის კუნძულს უკავშირდება, რომელიც ჯორჯის საკუთრებაა და იქამდე მისასვლელი გზაც, მხოლოდ მან იცის. კუნძულს დიდი ნამდვილად არ ეთქმის, მაგრამ ძალიან კარგი სანახავია მისი პატარა კლდოვანი სანაპირო, ვიწრო ყურე, სადაც ბავშვები ნავს აჩერებენ, ძველისძველი ციხესიმაგრე და აქეთ-იქით მოხტუნავე კურდღლები. ვის არ მოეწონება კირინის კუნძულზე ყოფნა? – მით უფრო თუ, ქარიშხალმა, სანაპიროზე უზარმაზარი ჩაძირული გემი გამორიყა…
განსაკუთრებით მომეწონა წიგნის ის ნაწილი, სადაც უშიშარი ხუთეული ექსკურსიას მართავს ძველი, ჩაძირული გემის სიღრმეში. ბავშვები გაფაციცებით ეძებდნენ ზანდუკებს, რომლებშიც შეიძლებოდა ოქროს ზოდები ყოფილიყო დამალული… თავგადასავალი იმაზე საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი…
ხო მართლა, ეს საინტერესო ისტორია ენიდ ბლაიტონმა, მსოფლიოში პოპულარულმა საბავშვო მწერალმა დაწერა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ითარგმნა ქართულ ენაზე. თურმე, მას ძალიან უყვარდა ძაღლები, მებაღეობა და ქალაქგარეთ სეირნობა, ისევე როგორც მე. ბევრი რამ იცოდა მცენარეების, ფრინველებისა და ცხოველების შესახებ, რასაც საინტერესოდ გადმოსცემს იმ 600-ზე მეტ წიგნში, რომელიც ბავშვებისათვის დაწერა.
სერიის შემდეგი წიგნებია: „ხუთეული გვირაბების ლაბირინთში“, „მოხეტიალე ცირკის კვალდაკვალ“, „მოჩვენება მატარებლის საიდუმლო“, „ხუთეული და პატარა მაწანწალა“, „ხუთეული და იდუმალი ტბა“… მხოლოდ წიგნის სათაურიც საკმარისია, გადაეშვა თავგადასავლების ოკეანეში და იმოგზაურო ჯადოსნურ სამყაროში უშიშარ, კეთილ, საინტერესო პერსონაჟებთან ერთად.
ცნობილი ხუთეულის თავგადასავლებს ბოლო არ უჩანს! სერიის ბოლო, მეთერთმეტე წიგნი, რომელიც ქართულადაა თარგმნილი ხუთეულის ახალ ისტორიას გვაცნობს. ამჯერად ბავშვები დასასვენებლად მიემგზავრებიან და მთის წვერზე მდებარე დანგრეულ ციხესიმაგრეს უთვალთვალებენ. უეცრად, კოშკის ფანჯარაში სასოწარკვეთილ სახეს შენიშნავენ და სწორედ მაშინ იწყება ახალი თავგადასავალი, რომელშიც ცირკის მსახიობები, პითონი, სახელად „ლამაზო“ და ბოშა გოგონა ჯოც ერთვებიან. თუ გაინტერესებს ვინ იმალება ციხესიმაგრის საიდუმლო ოთახში, არის თუ არა საგანძური კირინის კუნძულზე, რატომ გარბიან ბავშვები სახლიდან, რა იპოვეს გამოქვაბულში, გადაუჩება თუ არა ტიმი თოვლში გაყინვას, სად არის ფერმისკენ მიმავალი საიდუმლო გზის დასაწყისი … და კიდევ უამრავ საინტერესო კითხვაზე პასუხი, გირჩევ წაიკითხო ცნობილი ხუთეულის 11 წიგნი. მეთორმეტეს კი მეც ველოდები… იმედი მაქვს მალე ითარგმნება და ახალი თავგადასავალიც ისეთივე მომხიბვლელი იქნება, როგორიც წინა 11 არდადეგები.
ექსკურსიის პედაგოგიური მხარე – სამი ნაბიჯი, რომელიც ცოდნის ხანგრძლივ მეხსიერებაში შენახვის საწინდარია
სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის.
ექსკურსია – ჯგუფური გამგზავრებაა, რაიმეს დასათვალიერებლად, სასწავლო-საგანმანათლებლო ან გართობის მიზნით. ყოველგვარი ექსკურსია სწავლების ელემენტებს შეიცავს, ამიტომ ის შეიძლება განვიხილოთ, როგორც პედაგოგიური პროცესი.
როგორც ყოველგვარ პედაგოგიურ პროცესში, ექსკურსიაშიც მონაწილეობს ორი მხარე: ის ვინც ცოდნას გადასცემს (ასწავლის) – ექსკურსიამძღოლი – და ის, ვინც ცოდნას იღებს (სწავლობს) – ექსკურსანტი/მოსწავლე.
საექსკურსიო მეთოდიკის თანახმად, ექსკურსიამძღოლი გადასცემს ექსკურსიის მონაწილეებს განსაზღვრულ ცოდნას, რომლის მიღებითაც ექსკურსანტები არიან დაინტერესებული. ამ ორი მხარის ურთიერთქმედება წარმოადგენს სწორედ პედაგოგიურ პროცესს.
პედაგოგიური პროცესი ექსკურსიაში ცოდნის გადაცემით არ ამოიწურება – ის აღმზრდელობით ელემენტსაც შეიცავს. ნებისმიერ ექსკურსიაში ვიპოვით ასეთ ელემენტს. პედაგოგიკის მოთხოვნების გათვალისწინება ექსკურსიაში, განსაკუთრებით – სასკოლოში, ხელს უწყობს ექსკურსიის ხარისხის ამაღლებას, მის სრულყოფას.
პედაგოგიური პროცესის ეფექტურობა დამოკიდებულია ორივე მხარის აქტიურ ჩართულობაზე. კარგად, გააზრებულად ჩატარებულ ექსკურსიას შეუძლია ბიძგი მისცეს აზროვნების გააქტიურებას, გარე სამყაროს უკეთ გაცნობას. (ბოჭორიშვილი,მ. http://mastsavlebeli.ge/?p=2278).
ცნობილია, რომ სასკოლო ექსკურსია მნიშვნელოვანია მოსწავლეთა სწავლა-სწავლების პროცესში. ის, რასაც წიგნებში ვკითხულობთ, ხშირად სხვადასხვაგვარად აღიქმება. უშუალოდ მონახულება და ადგილზე გაცნობა კი კულტურული ძეგლისა თუ ღირსშესანიშნაობის შესახებ არსებული ფაქტობრივი ინფორმაციის მკვიდრ წარმოდგენად გარდაქმნასა და ხანგრძლივ მეხსიერებაში შენახვას უწყობს ხელს.
„ექსკურსია სამი ნაბიჯი“ ექსკურსიის დაგეგმვის ეფექტური მეთოდია და მას სასწავლო პროექტად აქცევს:
თავდაპირველად, გააცანით მოსწავლეებს ექსკურსიის მარშრუტი. აუხსენით, რატომ არის მნიშვნელოვანი არჩეული ძეგლი, რით არის ცნობილი, რა გამოარჩევს მას… საინტერესო იქნება ლეგენდებისა და თქმულებების მოძიება-გაცნობა.
შემდეგი ნაბიჯი მოიცავს ძეგლის მონახულებას. ადგილზე მსჯელობას, თეორიულად უკვე განხილულ საკითხებზე. შესაძლოა, მოსწავლეებს წინასწარ მივცეთ დავალება, რას დააკვირდნენ, რაზე გაამახვილონ ყურადღება, რა აღმოაჩინონ…
ბოლო ნაბიჯია, ექსკურსიის შემდეგ რეფლექსია. წერილობითი თუ ზეპირი ფორმით მსჯელობა ნანახის შესახებ. მათი ემოციებისა და განწყობების გაზიარება. ამისათვის კარგია დავალების ბარათების შევსება:
დაასრულე წინადადება:
მნიშვნელოვანია წარმოდგენილი გეგმის თქვენი კლასის საჭიროებებზე მორგება.
ასევე, ვიმსჯელეთ თითოეული მოთხრობის მთავარ აზრზე.
შემდეგი ნაბიჯი იყო ექსკურსია. მოსწავლეებმა მოინახულეს ვარიანში, იაკობის სახლი. ნახეს მისი ნივთები, ოთახი, სადაც სკოლა ფუნქციონირებდა… დრო და დრო ისმოდა ჩურჩული:
აღნიშნული მეთოდით მოწყობილი ექსკურსია მოსწავლეებისათვის უფრო შთამბეჭდავი და მნიშვნელოვანი იყო. აუმაღლდათ სასწავლო განწყობა და მოტივაცია… თეორიულად ნასწავლის, საკუთარი თვალით ნახვა ცოდნის ხანგრძლივ მეხსიერებაში შენახვას შეუწყობს ხელს.
თვითშეფასების როლი სწავლის მოტივაციის ამაღლებაში
- კონკრეტული საკითხის, თემისა თუ თავის დასრულების შემდეგ მიეცით მოსწავლეებს შემაჯამებელი დავალება.
- შეაგროვეთ მოსწავლეთა ნამუშევრები და გახაზეთ დაშვებული შეცდომები. არ შეაფასოთ ნაშრომი.
- მოახდინეთ ნამუშევრების ანალიზი, შეადგინეთ სტატისტიკა, რომელი საკითხი გაუჭირდა მოსწავლეთა უმრავლესობას და ხელმეორედ, განსხვავებული ფორმით ან მეთოდით აუხსენით კლასს. აუცილებლად შეეხეთ ისეთ საკითხსაც, რომელშიც თუნდაც ერთ მოსწავლეს ჰქონდა დაშვებული შეცდომა.
- დაურიგეთ მოსწავლეებს შეუფასებელი დავალებები, სთხოვეთ, გადახედონ საკუთარ ნაშრომებს და გამოასწორონ შეცდომები.
- შეაფასეთ ნამუშევრები და წაახალისეთ ის მოსწავლეები, რომლებმაც შეცდომები იპოვეს და გამოასწორეს.
No comments:
Post a Comment