თვითშეფასების როლი სწავლის მოტივაციის ამაღლებაში
„ყველა გენიოსია, მაგრამ თუ თევზს ხეზე ძვრომის უნარის მიხედვით განსჯი, მთელი ცხოვრება იფიქრებს, რომსულელია“.
ალბერტ აინშტაინი
დღეს ბევრს საუბრობენ სხვადასხვა სახის შეფასების შესახებ, რომელიც გავლენას ახდენს მოსწავლეთა განვითარებაზე. ღია და დახურული არჩევითპასუხებიანი ტესტები, ესეები, პორტფოლიოები, შეფასების ათასგვარი რუბრიკა: პრეზენტაციის, ჯგუფური მუშაობის, წყვილებში თანამშრომლობის თუ საშინაო დავალების… ყველა მათგანის შემდგენელი მასწავლებელია (საუკეთესო შემთხვევაში კრიტერიუმები შემუშავებულია მოსწავლეთა ჩართულობით) და შემფასებელიც თავადვე გახლავთ.
რას აძლევს მოსწავლეს ასეთი სახის შეფასება? აჩვენებს მას კონკრეტულ საგანსა თუ საკითხში მიღწევის დონეს. მაღალი შეფასების მქონე მოსწავლეები სიხარულსა და კმაყოფილებას განიცდიან, დაბალი შეფასების მქონენი კი – მწუხარებას და სევდას. ნუთუ ეს არის შეფასების მიზანი? შედეგად – მხოლოდ გრძნობები? არა, ამ გრძნობების უკან იმალება უმნიშვნელოვანესი რამ – ადამიანის წარმოდგენა საკუთარი თავზე, რომელიც თვითპატივისცემისა და თვითმიღების ხარისხსაც ასახავს. შედეგად მაღლა იწევს ან ეცემა თვითშეფასება, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს სწავლის სურვილსა და მოტივაციაზე.
რა მოხდება, თუ მოსწავლეებს საკუთარი ნამუშევრების გასწორების შესაძლებლობას მივცემთ? მათ მოუწევთ, კრიტიკული თვალით გადახედონ თავიანთ ნაშრომს, აღმოაჩინონ შეცდომები და გამოასწორონ. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი შეცდომა დაუშვა მოსწავლემ ნაწერში – მთავარია, მაქსიმალურად ბევრი ხარვეზი იპოვოს და გამოასწოროს. შედეგად მოსწავლეს უჩნდება კმაყოფილების განცდა. ნაცვლად იმისა, რომ წუხდეს დაშვებული შეცდომებისა და დაბალი შეფასების გამო, სიამაყეს და სიხარულს განიცდის, მაღლა იწევს მისი თვითშეფასება და ვინაიდან ეს უკანასკნელი მოზარდის წარმატების ერთ-ერთი ფაქტორია, ჩვენ, მასწავლებლები, ვალდებული ვართ, შევუქმნათ მოსწავლეებს ისეთი სასწავლო გარემო, სადაც თავს თავისუფლად იგრძნობენ, არ შეეშინდებათ შეცდომების დაშვების, ისწავლიან სწავლის პროცესის დამოუკიდებლად წარმართვას და დარწმუნებულები იქნებიან, რომ მასწავლებელი მათ სამართლიანად მოექცევა, კი არ დასცინებს ან დასჯის შეცდომებისთვის, არამედ წაახალისებს მათი აღმოჩენისა და გამოსწორების პროცესს. შედეგად მოსწავლეთათვის დავალების შესრულება უფრო მნიშვნელოვანი ხდება, იმატებს თვითპატივისცემის განცდა, მოზარდები იწყებენ თვითრეალიზების მოთხოვნილების დაკმაყოფილებას, რაც დადებით გავლენას ახდენს სასწავლო პროცესზე.
მეოცე საუკუნის ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგის აბრაჰამ მასლოუს თეორიის თანახმად, იმისთვის, რომ ადამიანმა საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება შეძლოს, მას დაკმაყოფილებული უნდა ჰქონდეს განსაზღვრული მოთხოვნილებები: ფიზიოლოგიური/ბიოლოგიური, უსაფრთხოების, სიყვარულის/მიკუთვნებულობისა და დაფასებისა და თვითრეალიზების.
როგორც ვხედავთ, თვითრელიზებამდე ადამიანს სჭირდება დაფასების მოთხოვნილების დაკმაყოფილება, რაც ნიშნავს „მოგწონდეს საკუთარი თავი, გქონდეს დადებითი თვითშეფასება, სხვების მიერ აღიარების, პატივისცემისა და მოწონების, წარმატების, კომპეტენტურობისა და დამოუკიდებლობის შეგრძნება“.
დღემდე მახსოვს ჩემი კლასელების მოწყენილი, სევდიანი სახეები, როცა შეფასებულ დავალების რვეულებს გვირიგებდა მასწავლებელი. მახსოვს, ჩემს სიხარულსაც სევდა ერეოდა, როდესაც ჩემს მეგობარს დაბალი შეფასება ჰქონდა, მე კი – მაღალი. გადავწყვიტე, ჩემს მოსწავლეებთან შეფასების განსხვავებული ფორმა გამომეყენებინა. ყურადღება გავამახვილე თვითშეფასებაზე, რომელიც მოიცავს მასწავლებლის მიერ შეფასების პროცესსაც, თუმცა მთავარი მაინც მოსწავლეა. ის არის დავალების შემსრულებელიც და გამსწორებელიც.
გთავაზობთ კონკრეტულ რჩევებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც რამდენიმეწლიანი პრაქტიკის შედეგად დამიგროვდა.
- კონკრეტული საკითხის, თემისა თუ თავის დასრულების შემდეგ მიეცით მოსწავლეებს შემაჯამებელი დავალება.
- შეაგროვეთ მოსწავლეთა ნამუშევრები და გახაზეთ დაშვებული შეცდომები. არ შეაფასოთ ნაშრომი.
- მოახდინეთ ნამუშევრების ანალიზი, შეადგინეთ სტატისტიკა, რომელი საკითხი გაუჭირდა მოსწავლეთა უმრავლესობას და ხელმეორედ, განსხვავებული ფორმით ან მეთოდით აუხსენით კლასს. აუცილებლად შეეხეთ ისეთ საკითხსაც, რომელშიც თუნდაც ერთ მოსწავლეს ჰქონდა დაშვებული შეცდომა.
- დაურიგეთ მოსწავლეებს შეუფასებელი დავალებები, სთხოვეთ, გადახედონ საკუთარ ნაშრომებს და გამოასწორონ შეცდომები.
- შეაფასეთ ნამუშევრები და წაახალისეთ ის მოსწავლეები, რომლებმაც შეცდომები იპოვეს და გამოასწორეს.
დროდადრო შეიძლება შესთავაზოთ ამ მეთოდის გართულებული ვარიანტიც. მას შემდეგ, რაც ნამუშევრებს შეაგროვებთ, გაასწორებთ და თქვენს ბლოკნოტში დაშვებული შეცდომების ანალიზს გააკეთებთ, ნაშრომები მინიშნებების გარეშე დაურიგეთ მოსწავლეებს. თავდაპირველად ისაუბრეთ იმ საკითხებზე, რომელთა ცოდნა მათ შეცდომების აღმოჩენასა და გამოსწორებაში დაეხმარება, მერე კი სთხოვეთ, გადახედონ საკუთარ ნაშრომებს და შეცდომები გამოასწორონ. ახლა კი შეაფასეთ ნამუშევრები და წაახალისეთ ის მოსწავლეები, რომლებმაც დაშვებული შეცდომები იპოვეს და გამოასწორეს.
ამ მეთოდის გამოყენების შედეგად საგრძნობლად იზრდება მოსწავლეთა თვითპატივისცემისა და თვითშეფასების დონე, რასაც, თავის მხრივ, მოტივაციის ამაღლებამდე და სასწავლო შედეგების გაუმჯობესებამდე მივყავართ. მოსწავლეებს უვითარდებათ კრიტიკული აზროვნება და მეტაკოგნიტიური უნარები, რადგან როდესაც მოსწავლე იწყებს საკუთარი სწავლის პროცესის გაცნობიერებას, სწორედ მაშინმიმდინარეობს სწავლის სწავლა – საკუთარი სწავლის პროცესის მართვა, დაგეგმვა, შეფასება დამონიტორინგი.
http://mastsavlebeli.ge/?p=20579&fbclid=IwAR3OWjZawVtEKbGoYrg23h-tySM05XM4DbSPAmQZhU6YCrwtexNPQfd9W_k
No comments:
Post a Comment