ვიდეო რესურსი

23 Aug 2022

 იხილეთ ვრცლად სტატია - განათლების მიღების პროცესი – თავისუფლებისკენ სწრაფვა თუ ჩაგვრა?


სკოლებში შემოსაზღვრული განათლების წესი ხელს უწყობს და განავითარებს დაპირისპირებას, რადგან ამ მეთოდის მიდგომა სწავლებისადმი და მასთან დაკავშირებული პრაქტიკა ჩაგვრის საზოგადოებას ასახავს. კერძოდ:

  1. მასწავლებელი ასწავლის – მოსწავლეები სწავლობენ.
  2. მასწავლებელმა ყველაფერი იცის, მოსწავლეებმა – არაფერი.
  3. მასწავლებელი ფიქრობს – მოსწავლეთა ნაცვლად ფიქრობს.
  4. მასწავლებელი ლაპარაკობს – მოსწავლეები მორჩილად უსმენენ.
  5. მასწავლებელი დისციპლინას ამყარებს – მოსწავლეები ემორჩილებიან დისციპლინას.
  6. მასწავლებელი აკეთებს არჩევანს და თავს ახვევს ამ არჩევანს – მოსწავლეები ემორჩილებიან.
  7. მასწავლებელი მოქმედებს – მოსწავლეებს აქვთ ილუზია მასწავლებლის მოქმედების წყალობით.
  8. მასწავლებელი განსაზღვრავს სწავლების პროგრამის შინაარსს – მოსწავლეები (რომლებსაც ისედაც არავინ არაფერს ეკითხება) ეთანხმებიან მას.
  9. მასწავლებელი არ მიჯნავს ცოდნის ძალას მისი პროფესიული ძალისგან და ამით უპირისპირებს მას მოსწავლეთა თავისუფლებას.
  10. სწავლების პროცესში მასწავლებელი სუბიექტია, მაშინ როცა მოსწავლეები მხოლოდ სწავლების ობიექტები არიან. (ფრეიერი, პ.)


17 Oct 2021

სტატიაში ნახავთ პასუხებს კითხვებზე: 1. რატომ უნდა წავიკითხოთ "ცნობილი ხუთეული"? 2. არის თუ არა ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი ენიდ ბლაიტონის შემოქმედება? 3. სერიის "ცნობილი ხუთეულის" რამდენი წიგნია ქართულ ენაზე ნათარგმნი?

ცოტა რამ „ცნობილი ხუთეულის“ შესახებ


ძალიან მიყვარს სათავგადასავლო ლიტერატურა. განსაკუთრებით კი,  საბავშვო სათავგადასავლო ისტორიები.

პეპის სახალისო თავგადასავალი დღემდე გამორჩეულ ემოციას იწვევს და ბავშვობის დღეებს მახსენებს, როცა გრძელიწინდას მსგავსად, დავეძებდი ხეების ფუღუროებს, საოცარი საგანძურის აღმოჩენის მოლოდინით. 

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა... უამრავი საინტერესო პერსონაჟის ისტორიას გავეცანი, თუმცა, წლევანდელმა თავგადასავალმა, კვლავ წარსულში დამაბრუნა და საოცარი გრძნობებით, ემოციებითა და შთაბეჭდილებებით დახუნძლულმა, გადავწყვიტე, თქვენთვისაც გამეცნო ცნობილი ხუთეული: ჯულიენი, დიკი, საყვარელი გოგონა ენი, ჯორჯი (მისი ნამდვილი სახელი ჯორჯინაა, თუმცა ვერ იტანს, როცა ასე მიმართავენ და მეც ჯორჯს ვეძახი), და გაბურძგნული, ჭკვიანი ძაღლი - ტიმი.

ცნობილი ხუთეულის პირველი ისტორია კირინის კუნძულს უკავშირდება, რომელიც ჯორჯის საკუთრებაა და იქამდე მისასვლელი გზაც, მხოლოდ მან იცის. კუნძულს დიდი ნამდვილად არ ეთქმის, მაგრამ ძალიან კარგი სანახავია მისი პატარა კლდოვანი სანაპირო, ვიწრო ყურე, სადაც ბავშვები ნავს აჩერებენ, ძველისძველი ციხესიმაგრე და აქეთ-იქით მოხტუნავე კურდღლები. ვის არ მოეწონება კირინის კუნძულზე ყოფნა? - მით უფრო თუ, ქარიშხალმა, სანაპიროზე უზარმაზარი ჩაძირული გემი გამორიყა...

განსაკუთრებით მომეწონა წიგნის ის ნაწილი, სადაც უშიშარი ხუთეული ექსკურსიას მართავს ძველი, ჩაძირული გემის სიღრმეში. ბავშვები გაფაციცებით ეძებდნენ ზანდუკებს, რომლებშიც შეიძლებოდა ოქროს ზოდები ყოფილიყო დამალული... თავგადასავალი იმაზე საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი...

ხო მართლა, ეს საინტერესო ისტორია ენიდ ბლაიტონმა, მსოფლიოში პოპულარულმა საბავშვო მწერალმა დაწერა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ითარგმნა ქართულ ენაზე. თურმე, მას ძალიან უყვარდა ძაღლები, მებაღეობა და ქალაქგარეთ სეირნობა, ისევე როგორც მე. ბევრი რამ იცოდა მცენარეების, ფრინველებისა და ცხოველების შესახებ, რასაც საინტერესოდ გადმოსცემს იმ 600-ზე მეტ წიგნში, რომელიც ბავშვებისათვის დაწერა.

ცნობილი ხუთეულის მოგზაურობა კირინის კუნძულზე (საიდუმლოდ გეტყვით, რომ ის განძის კუნძულიც არის, რომლის შესახებ არავინ არ იცი...) არ სრულდება. ბავშვები და ტიმი საშობაოდ მასწავლებელს - მისტერ როლანდს გაიცნობენ, რომელსაც საერთოდ არ უყვარს ძაღლები... უფრო მეტიც, საიდუმლო განზრახვა აქვს, რომელსაც ცნობილი ხუთეული გამოააშკარავებს და იდუმალებით მოცული, ძველისძველი რუკის დახმარებით, კიდევ ერთ დანაშაულს გამოიძიებენ.

როდესაც „ცნობილი ხუთეულის“ პირველი და მეორე სერია წავიკითხე, ვიფიქრე, ამაზე საინტერესო რა უნდა იყოს-მეთქი, მაგრამ შევცდი. სერიის მესამე წიგნი უამრავი მოულოდნელობით, საიდუმლოთი და ხიფათითაა სავსე. ძალიან ვიდარდე ჯორჯის დედის ავადმყოფობის გამო... სტიკების თავხედობამ გამაოცა... ძალიან მინდოდა გატაცებული გოგონა,  საბრალო ჯენიფერი მშობლებთან მალე დაებრუნებინათ...

სერიის შემდეგი წიგნებია: „ხუთეული გვირაბების ლაბირინთში“, „მოხეტიალე ცირკის კვალდაკვალ“, „მოჩვენება მატარებლის საიდუმლო“, „ხუთეული და პატარა მაწანწალა“, „ხუთეული და იდუმალი ტბა“...   მხოლოდ წიგნის სათაურიც საკმარისია, გადაეშვა თავგადასავლების ოკეანეში და იმოგზაურო ჯადოსნურ სამყაროში უშიშარ, კეთილ, საინტერესო პერსონაჟებთან ერთად.

ცნობილი ხუთეულის თავგადასავლებს ბოლო არ უჩანს! სერიის ბოლო, მეთერთმეტე წიგნი, რომელიც ქართულადაა თარგმნილი ხუთეულის ახალ ისტორიას გვაცნობს. ამჯერად ბავშვები დასასვენებლად მიემგზავრებიან და მთის წვერზე მდებარე დანგრეულ ციხესიმაგრეს უთვალთვალებენ. უეცრად, კოშკის ფანჯარაში სასოწარკვეთილ სახეს შენიშნავენ და სწორედ მაშინ იწყება ახალი თავგადასავალი, რომელშიც ცირკის მსახიობები, პითონი, სახელად „ლამაზო“ და ბოშა გოგონა ჯოც ერთვებიან. თუ გაინტერესებს ვინ იმალება ციხესიმაგრის საიდუმლო ოთახში, არის თუ არა საგანძური კირინის კუნძულზე, რატომ გარბიან ბავშვები სახლიდან, რა იპოვეს გამოქვაბულში, გადაუჩება თუ არა ტიმი თოვლში გაყინვას, სად არის ფერმისკენ მიმავალი საიდუმლო გზის დასაწყისი ... და კიდევ უამრავ საინტერესო კითხვაზე პასუხი, გირჩევ წაიკითხო ცნობილი ხუთეულის 11 წიგნი. მეთორმეტეს კი მეც ველოდები... იმედი მაქვს მალე ითარგმნება და ახალი თავგადასავალიც ისეთივე მომხიბვლელი იქნება, როგორიც წინა 11 არდადეგები.

ნათია ჭუმბურიძე


13 Dec 2020

მე კონცეფცია

10 lvl фейсит funny video how to make useful things phone hacks tips cola creative idea creative video best video easy top10 learn amazing idea combine home made hand made logitech driving force gt от фифера до глобала в кс го 3d инструктор + руль car mod тюнинг simulator fifa 20 ut diy work clean sago mr sagoo life hacks dc motor idea креатив для сториз сторис в инстаграм начало pes 2019 обзор online онлайн креатив для сторис инстаграм сторис инстаграм пока апну постригусь

მე კონცეფცია და   მასწავლებლის როლი,  საკუთარი თავის შეცნობის პროცესში


რა არის ადამიანის დანიშნულება, რისთვის მოევლინა ის ქვეყანას, რა მისია აკისრია გარესამყაროში… ეს კითხვები უძველესი დროიდან მოყოლებული დღემდე, არ კარგავს აქტუალობას და ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისთვის უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს პიროვნული განვითარების პროცესში.

საკუთარი თავის შეცნობა უმნიშვნელოვანესია ადამიანის ცხოვრების, წარმატებისა და განვითარებისათვის. ის ადამიანის ბავშვობიდან იწყება და ხშირად მისი სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება. ცნობილი ფილოსოფოსები, საკუთარი თავის შეცნობისათვის განსხვავებულ გზებს ეძიებდნენ და მიღებულ გამოცდილებას მოწაფეებს უზიარებდნენ.  სოკრატეს სიტყვები: „შეიცან თავი შენი“ დღესაც ისევე აქტუალურია, როგორც საუკუნეების წინათ.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკუთარი თავის შეცნობის პროცესი მოზარდობის ასაკში, როცა მიმდინარეობს ადამიანის პიროვნული ჩამოყალიბების ურთულესი პროცესი. ამ პროცესს მოსწავლეები სხვადასხვაგვარად უმკლავდებიან. მე, როგორც პედაგოგს, შემიმჩნევია, როგორ იცვლებიან დაწყებით საფეხურზე მყოფი თვალებციმციმა, მხიარული, გულღია მოსწავლეები საბაზო საფეხურზე. ისინი ხშირად სევდიანი, გულჩათხრობილნი, ჩაკეტილნი, ზოგჯერ აგრესიულნიც კი ხდებიან. ამასთან, მათი თანაკლასელები კვლავ  თავისუფალნი და ბედნიერები არიან. 

მოსწავლეების ქცევაზე დაკვირვების შედეგად, მათი პოზიტიური თუ ნეგატიური ცვლილებების გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად, ვფიქრობ, უნდა განვიხილოთ, სწორედ მე კონცეფციის, საკუთარი თავის შეცნობის პროცესი. ამ მოსაზრებას ავითარებს პროფესორი ანიტა ვულფოკი წიგნში „განათლების ფსიქოლოგი.“ ის წერს, რომ „სხეულისა და გონების განვითარებასთან ერთად მოზარდი დგება იდენტობის აგების ცენტრალური საკითხის პირისპირ. ეს მომავალში უზრუნველყოფს მოზრდილობის მყარ საფუძველს. ადამიანი თავის „მე“-ს განცდას პატარაობიდანვე ავითარებს. თუმცა პირველად მომწიფების ასაკში ცდილობს, გააზრებულად გასცეს პასუხი შეკითხვას, - „ვინ ვარ მე?“

ისმის კითხვა, რა როლი აკისრია მოზარდის განვითარების, საკუთარი თავის შეცნობის პროცესში მის გარემოცვას, მშობლებს, მასწავლებლებს, სამეგობრო წრეს, მოკლედ იმ სოციუმს, სადაც ის ცხოვრობს? - ჩემი აზრით, უმნიშვნელოვანესი. ვფიქრობ, ყველამ უნდა გავიაზროთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და დავეხმაროთ მოზარდებს ამ ურთულეს პროცესში. როგორც ჰუმანისტური თეორიის წარმომადგენელი კარლ როჯერსი წერს: „ადამიანის პიროვნების ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს არა მარტო მისი თვითრეალიზაციისადმი ტენდენცია, არამედ ისიც, თუ როგორ აფასებენ მას სხვა ადამიანებიც“. 

ვფიქრობ, ჩვენ,  საზოგადოების წარმომადგენლები, უნდა ვიყოთ უფრო ემპათიურები, კეთილგანწყობილები, გულწრფელები მოზარდების მიმართ, რათა მათ შეძლონ შეიცნონ საკუთარი თავი,  შემდეგ კი მოახდინონ თვითრეალიზაცია. კვლავ ჰუმანისტური თეორიის წარმომადგენლებს თუ დავესესხებით, სწორედ ის ადამიანები ახერხებენ თვითრეალიზაციას, რომლებიც „სწორად შეიცნობენ საკუთარ გემოვნებებს, შესაძლებლობებს, ფანტაზიებს, ნაკლოვანებებსა და სურვილებს.“

განსაკუთრებით მსურს გამოვყო პედაგოგის როლი, მოსწავლის თვითშეფასების ჩამოყალიბებისას. 

აქვე მინდა გავიხსენო, ლინდა მალალი ჰანთის წიგნის პერსონაჟი, საყვარელი გოგონა ელი, რომელსაც თანაკლასელთა უმრავლესობა არანორმალურს ეძახის და დასცინის. მასწავლებლებიც ვერ უგებენ. მისი თვითშეფასება ძალიან დაბალია, ამიტომ ცდილობს გაექცეს რეალობას და მხოლოდ თავის წარმოსახვაში იცხოვროს დღიურთან ერთად… ყველაფერი რადიკალურად იცვლება, როცა მასთან ახალი მასწავლებელი შედის. ის ცდილობს მისი ძლიერი მხარეების წარმოჩენას და იბრძვის, რათა ელიმ გაიაზროს საკუთარი შესაძლებლობები. მასწავლებელი მოახერხებს დაანახოს ელის, მის ოჯახსა და კლასელებს, რომ ის მშვენიერი მხატვარი და ძლიერი მოჭადრაკეა. თავად თვითშეფასება ამაღლებული გოგონა ეხმარება ძმას, საკუთარი ძალების აღმოჩენისა და საკუთარი თავის შეცნობის პროცესში. 

ცნობილი ფრანგი მწერლის, დანიელ პენაკის წიგნში „სკოლის სევდა“, საინტერესოდ არის გადმოცემული მტკივნეული განცდები, რომელთა გადატანაც მოსწავლეს უხდება სკოლის კედლებში. ავტორი ცხოვრების იმ პერიოდებზე მოგვითხრობს, რომლებიც მან სკოლაში გაატარა, როგორც წარუმატებელმა მოსწავლემ და შემდეგ - როგორც წარმატებულმა მასწავლებელმა. 

„მამაზეციერი ვერ დამარწმუნებდა, რომ საერთოდ რამე მომავალი მექნებოდა! 

  • უმომავლო ცხოვრება!

  • ო, რა შეურაცხმყოფელი იყო ჩემთვის, როცა ვიღაცის მშრალი და უგულოდ წარმოთქმული ფრაზა საკუთარი არარაობისა და უღირსობისკენ მაბრუნებდა…“

  • სკოლის სევდა / დანიელ პენაკი

ეს სიტყვები დანიელის დაბალი თვითშეფასების  და წარუმატებელი ცხოვრების მაჩვენებელია. მაშ, როგორ მოხდა, რომ ის წარმატებული მასწავლებელი გახდა?    ვინ და როგორ ამოიყვანა დანიელ პენაკი დაბალი თვითშეფასების ფსკერიდან?  როგორც თავად უწოდებს „მხსნელმა მასწავლებელმა“. ადამიანმა, რომელმაც დააფასა პენაკის ნიჭი, დაინახა მისი დადებითი პიროვნული თვისებები და შეარჩია სწორი პედაგოგიური მიდგომები, რომელთა ერთობლიობამ მოსწავლის გარდაქმნა განაპირობა. მას გაუჩნდა აღიარების, დაფასებისა და დაცულობის განცდა. 

როგორც ვხედავთ,  თუ თვითშემეცნების პროცესში მოზარდს შესაბამისი გარემო და დახმარება ექნება, ის ხდება თავდაჯერებული, შეიცნობს საკუთარ შესაძლებლობებს, ახდენს თვითრეალიზაციას და ეხმარება სხვებსაც. ხოლო თუ ამ მნიშვნელოვან ეტაპზე, მოზარდი ვერ იპოვის საკუთარ თავში ძალას და არც შესაბამისი გარემო-პირობები ექნება, მისი თვითშეფასება ეცემა და თვითრეალიზაციას ვერ ახერხებს.

ვფიქრობ, მასწავლებლებმა უნდა შეძლონ სასწავლო პროცესში თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობების, მათი ძლიერი მხარეების წარმოჩენა, შექება-წახალისების გზით თვითშეფასების ამაღლება, ყოველივე ეს კი მათი თვითშემეცნების პროცესს გაამარტივებს.

ამ მხრივ, საინტერესოა, ანიტა ვულფოკის რჩევები მასწავლებლებისათვის:

  • „დააფასეთ და მიიღეთ ყველა მოსწავლე, მათი მცდელობები და მიღწევები.

  • შექმენით ფიზიკურად და ფსიქიკურად უსაფრთხო საკლასო გარემო.

  • ერთად შექმენით და ჩამოაყალიბეთ შეფასების კრიტერიუმები.

  •  დაეხმარეთ მოსწავლეებს ისწავლონ  საკუთარი მიღწევების შეფასება.

  • მოერიდეთ დესტრუქციულ შედარებებსა და შეჯიბრებებს. წააქეზეთ მოსწავლე, რომ შეეჯიბროს საკუთარი მიღწევის უმაღლეს დონეს.

  • გააკრიტიკეთ არასასურველი ქცევა და არა მოსწავლის პიროვნება. შენიშვნის მიღება მოსწავლისათვის არ უნდა ნიშნავდეს, რომ ის „ცუდი“ ადამიანია.

  • გახსოვდეთ, რომ პოზიტიური თვითშეფასებას განაპირობებს წარმატებები და გარემომცველ სამყაროში არსებული ადამიანების მიერ დაფასება.

  •  დაეხმარეთ, იგრძნონ პასუხისმგებლობა, თავიანთ ქცევებზე.

  • ასწავლეთ, როგორ დაეხმარონ ერთმანეთს.

  • ასწავლეთ, როგორ დაისახონ რეალური მიზნები.

  • ხაზი გაუსვით სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის ფასეულობებს.“


და ბოლოს, შეიძლება დავასკვნათ, რომ საკუთარი თავის შეცნობა განაპირობებს თვითშეფასებას. თვითშეფასება კი ისეთივე მნიშვნელოვანია პიროვნების ჩამოყალიბებისა და თვითრეალიზაციის პროცესში, როგორც ხერხემალი ადამიანის სხეულისათვის.

ადამიანის ადეკვატური თვითშეფასების ჩამოყალიბების პროცესში საზოგადოების პოზიტიური ჩართულობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს. გულწრფელობა, კეთილგანწყობილი დამოკიდებულება და ემპათია წარმოადგენს წყალს, მზეს და საკვებს, რომლებიც ადამიანებს ეხმარება, მუხასავით ძლიერები გაიზარდონ. ძლიერი ადამიანები - ძლიერი საზოგადოების საწინდარია. ძლიერი საზოგადოება კი ჩვენს კეთილდღეობას მნიშვნელოვნად განაპირობებს.

                                                               ავტორი: ნათია ჭუმბურიძე


ელექტრონული რესურსი: ზურას მუზეუმი