მე კონცეფცია და მასწავლებლის როლი, საკუთარი თავის შეცნობის პროცესში
რა არის ადამიანის დანიშნულება, რისთვის მოევლინა ის ქვეყანას, რა მისია აკისრია გარესამყაროში… ეს კითხვები უძველესი დროიდან მოყოლებული დღემდე, არ კარგავს აქტუალობას და ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისთვის უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს პიროვნული განვითარების პროცესში.
საკუთარი თავის შეცნობა უმნიშვნელოვანესია ადამიანის ცხოვრების, წარმატებისა და განვითარებისათვის. ის ადამიანის ბავშვობიდან იწყება და ხშირად მისი სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება. ცნობილი ფილოსოფოსები, საკუთარი თავის შეცნობისათვის განსხვავებულ გზებს ეძიებდნენ და მიღებულ გამოცდილებას მოწაფეებს უზიარებდნენ. სოკრატეს სიტყვები: „შეიცან თავი შენი“ დღესაც ისევე აქტუალურია, როგორც საუკუნეების წინათ.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკუთარი თავის შეცნობის პროცესი მოზარდობის ასაკში, როცა მიმდინარეობს ადამიანის პიროვნული ჩამოყალიბების ურთულესი პროცესი. ამ პროცესს მოსწავლეები სხვადასხვაგვარად უმკლავდებიან. მე, როგორც პედაგოგს, შემიმჩნევია, როგორ იცვლებიან დაწყებით საფეხურზე მყოფი თვალებციმციმა, მხიარული, გულღია მოსწავლეები საბაზო საფეხურზე. ისინი ხშირად სევდიანი, გულჩათხრობილნი, ჩაკეტილნი, ზოგჯერ აგრესიულნიც კი ხდებიან. ამასთან, მათი თანაკლასელები კვლავ თავისუფალნი და ბედნიერები არიან.
მოსწავლეების ქცევაზე დაკვირვების შედეგად, მათი პოზიტიური თუ ნეგატიური ცვლილებების გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად, ვფიქრობ, უნდა განვიხილოთ, სწორედ მე კონცეფციის, საკუთარი თავის შეცნობის პროცესი. ამ მოსაზრებას ავითარებს პროფესორი ანიტა ვულფოკი წიგნში „განათლების ფსიქოლოგი.“ ის წერს, რომ „სხეულისა და გონების განვითარებასთან ერთად მოზარდი დგება იდენტობის აგების ცენტრალური საკითხის პირისპირ. ეს მომავალში უზრუნველყოფს მოზრდილობის მყარ საფუძველს. ადამიანი თავის „მე“-ს განცდას პატარაობიდანვე ავითარებს. თუმცა პირველად მომწიფების ასაკში ცდილობს, გააზრებულად გასცეს პასუხი შეკითხვას, - „ვინ ვარ მე?“
ისმის კითხვა, რა როლი აკისრია მოზარდის განვითარების, საკუთარი თავის შეცნობის პროცესში მის გარემოცვას, მშობლებს, მასწავლებლებს, სამეგობრო წრეს, მოკლედ იმ სოციუმს, სადაც ის ცხოვრობს? - ჩემი აზრით, უმნიშვნელოვანესი. ვფიქრობ, ყველამ უნდა გავიაზროთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და დავეხმაროთ მოზარდებს ამ ურთულეს პროცესში. როგორც ჰუმანისტური თეორიის წარმომადგენელი კარლ როჯერსი წერს: „ადამიანის პიროვნების ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს არა მარტო მისი თვითრეალიზაციისადმი ტენდენცია, არამედ ისიც, თუ როგორ აფასებენ მას სხვა ადამიანებიც“.
ვფიქრობ, ჩვენ, საზოგადოების წარმომადგენლები, უნდა ვიყოთ უფრო ემპათიურები, კეთილგანწყობილები, გულწრფელები მოზარდების მიმართ, რათა მათ შეძლონ შეიცნონ საკუთარი თავი, შემდეგ კი მოახდინონ თვითრეალიზაცია. კვლავ ჰუმანისტური თეორიის წარმომადგენლებს თუ დავესესხებით, სწორედ ის ადამიანები ახერხებენ თვითრეალიზაციას, რომლებიც „სწორად შეიცნობენ საკუთარ გემოვნებებს, შესაძლებლობებს, ფანტაზიებს, ნაკლოვანებებსა და სურვილებს.“
განსაკუთრებით მსურს გამოვყო პედაგოგის როლი, მოსწავლის თვითშეფასების ჩამოყალიბებისას.
აქვე მინდა გავიხსენო, ლინდა მალალი ჰანთის წიგნის პერსონაჟი, საყვარელი გოგონა ელი, რომელსაც თანაკლასელთა უმრავლესობა არანორმალურს ეძახის და დასცინის. მასწავლებლებიც ვერ უგებენ. მისი თვითშეფასება ძალიან დაბალია, ამიტომ ცდილობს გაექცეს რეალობას და მხოლოდ თავის წარმოსახვაში იცხოვროს დღიურთან ერთად… ყველაფერი რადიკალურად იცვლება, როცა მასთან ახალი მასწავლებელი შედის. ის ცდილობს მისი ძლიერი მხარეების წარმოჩენას და იბრძვის, რათა ელიმ გაიაზროს საკუთარი შესაძლებლობები. მასწავლებელი მოახერხებს დაანახოს ელის, მის ოჯახსა და კლასელებს, რომ ის მშვენიერი მხატვარი და ძლიერი მოჭადრაკეა. თავად თვითშეფასება ამაღლებული გოგონა ეხმარება ძმას, საკუთარი ძალების აღმოჩენისა და საკუთარი თავის შეცნობის პროცესში.
ცნობილი ფრანგი მწერლის, დანიელ პენაკის წიგნში „სკოლის სევდა“, საინტერესოდ არის გადმოცემული მტკივნეული განცდები, რომელთა გადატანაც მოსწავლეს უხდება სკოლის კედლებში. ავტორი ცხოვრების იმ პერიოდებზე მოგვითხრობს, რომლებიც მან სკოლაში გაატარა, როგორც წარუმატებელმა მოსწავლემ და შემდეგ - როგორც წარმატებულმა მასწავლებელმა.
„მამაზეციერი ვერ დამარწმუნებდა, რომ საერთოდ რამე მომავალი მექნებოდა!
უმომავლო ცხოვრება!
ო, რა შეურაცხმყოფელი იყო ჩემთვის, როცა ვიღაცის მშრალი და უგულოდ წარმოთქმული ფრაზა საკუთარი არარაობისა და უღირსობისკენ მაბრუნებდა…“
ეს სიტყვები დანიელის დაბალი თვითშეფასების და წარუმატებელი ცხოვრების მაჩვენებელია. მაშ, როგორ მოხდა, რომ ის წარმატებული მასწავლებელი გახდა? ვინ და როგორ ამოიყვანა დანიელ პენაკი დაბალი თვითშეფასების ფსკერიდან? როგორც თავად უწოდებს „მხსნელმა მასწავლებელმა“. ადამიანმა, რომელმაც დააფასა პენაკის ნიჭი, დაინახა მისი დადებითი პიროვნული თვისებები და შეარჩია სწორი პედაგოგიური მიდგომები, რომელთა ერთობლიობამ მოსწავლის გარდაქმნა განაპირობა. მას გაუჩნდა აღიარების, დაფასებისა და დაცულობის განცდა.
როგორც ვხედავთ, თუ თვითშემეცნების პროცესში მოზარდს შესაბამისი გარემო და დახმარება ექნება, ის ხდება თავდაჯერებული, შეიცნობს საკუთარ შესაძლებლობებს, ახდენს თვითრეალიზაციას და ეხმარება სხვებსაც. ხოლო თუ ამ მნიშვნელოვან ეტაპზე, მოზარდი ვერ იპოვის საკუთარ თავში ძალას და არც შესაბამისი გარემო-პირობები ექნება, მისი თვითშეფასება ეცემა და თვითრეალიზაციას ვერ ახერხებს.
ვფიქრობ, მასწავლებლებმა უნდა შეძლონ სასწავლო პროცესში თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობების, მათი ძლიერი მხარეების წარმოჩენა, შექება-წახალისების გზით თვითშეფასების ამაღლება, ყოველივე ეს კი მათი თვითშემეცნების პროცესს გაამარტივებს.
ამ მხრივ, საინტერესოა, ანიტა ვულფოკის რჩევები მასწავლებლებისათვის:
„დააფასეთ და მიიღეთ ყველა მოსწავლე, მათი მცდელობები და მიღწევები.
შექმენით ფიზიკურად და ფსიქიკურად უსაფრთხო საკლასო გარემო.
ერთად შექმენით და ჩამოაყალიბეთ შეფასების კრიტერიუმები.
დაეხმარეთ მოსწავლეებს ისწავლონ საკუთარი მიღწევების შეფასება.
მოერიდეთ დესტრუქციულ შედარებებსა და შეჯიბრებებს. წააქეზეთ მოსწავლე, რომ შეეჯიბროს საკუთარი მიღწევის უმაღლეს დონეს.
გააკრიტიკეთ არასასურველი ქცევა და არა მოსწავლის პიროვნება. შენიშვნის მიღება მოსწავლისათვის არ უნდა ნიშნავდეს, რომ ის „ცუდი“ ადამიანია.
გახსოვდეთ, რომ პოზიტიური თვითშეფასებას განაპირობებს წარმატებები და გარემომცველ სამყაროში არსებული ადამიანების მიერ დაფასება.
დაეხმარეთ, იგრძნონ პასუხისმგებლობა, თავიანთ ქცევებზე.
ასწავლეთ, როგორ დაეხმარონ ერთმანეთს.
ასწავლეთ, როგორ დაისახონ რეალური მიზნები.
ხაზი გაუსვით სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის ფასეულობებს.“
და ბოლოს, შეიძლება დავასკვნათ, რომ საკუთარი თავის შეცნობა განაპირობებს თვითშეფასებას. თვითშეფასება კი ისეთივე მნიშვნელოვანია პიროვნების ჩამოყალიბებისა და თვითრეალიზაციის პროცესში, როგორც ხერხემალი ადამიანის სხეულისათვის.
ადამიანის ადეკვატური თვითშეფასების ჩამოყალიბების პროცესში საზოგადოების პოზიტიური ჩართულობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს. გულწრფელობა, კეთილგანწყობილი დამოკიდებულება და ემპათია წარმოადგენს წყალს, მზეს და საკვებს, რომლებიც ადამიანებს ეხმარება, მუხასავით ძლიერები გაიზარდონ. ძლიერი ადამიანები - ძლიერი საზოგადოების საწინდარია. ძლიერი საზოგადოება კი ჩვენს კეთილდღეობას მნიშვნელოვნად განაპირობებს.
ავტორი: ნათია ჭუმბურიძე